15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
არჩევნები, სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხეში, უკანონო მოსმენები - ნინო ლომჯარია დეპუტატების კითხვებს პასუხობს

სასამართლო რეფორმა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხეში, შენიშვნები არჩევნებთან დაკავშირებით, მოსმენები, ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები - ეს არის იმ თემების ნაწილი, რომლებზეც დეპუტატებმა ნინო ლომჯარიას დღეს მისი ანგარიშიდან გამომდინარე კითხვები დაუსვეს. ამ წუთებში ომბუდსმენი შეკითხვებს პასუხობს. ადამიანის უფლებები 2021 წელს - რა დარღვევები გამოავლინა ქვეყნის სახალხო დამცველმა. მოსმენას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ომბუდსმენს შეკითხვა არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დაუსვა.

"პარლამენტმა, ასევე ისტორიულად, პირველად შექმნა არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია, რომლის წევრიც გახლდით მე. მე კარგად მახსოვს, როდესაც მოგმართეთ თქვენ, პრაქტიკულად არცერთი ქეისის ან რაღაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ მოგიწოდებიათ ჩვენთვის, რომ რაღაც გქონდათ, რომელიც დავუშვათ შესაბამის უწყებებს მიაწოდეთ და ამაზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდა. მაინტერესებს ამ ისტორიასთან მიმართებაში რაიმე გაყალბებული ცნობები გვაქვს ან რაღაც შეცდომა თუ არის. თუ ასე არ არის, მაშინ ველოდები აქაც კონკრეტულ ფაქტებს და მტკიცებულებებს," - თქვა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურის საპასუხოდ, ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მის აპარატს კონკრეტული ინფორმაციები წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე ჰქონდა, ხოლო უშუალოდ საარჩევნო პროცესის დაკვირვების მონიტორინგი სახალხო დამცველის პრეროგატივაში არ შედის.

"სახალხო დამცველი არ ახორციელებს არჩევნების დღის პროცედურების დაკვირვების მონიტორინგს იმიტომ, რომ ჩვენ ეს მანდატი არ გვაქვს, შესაბამისად ამ მიმართულებით მოგვთხოვეთ რამდენადაც ვიცი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების კანდიდატების, მათი მხარდამჭერების, მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლების, მუქარების, სამსახურიდან, მათ შორის საჯარო თუ კერძო სამსახურიდან დისკრიმინაციულად გათავისუფლების ფაქტების შესახებ," - თქვა ლომჯარიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნინო ლომჯარიას შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრებთან დაკავშირებულ შენიშვნებზე დაუსვა. 

"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე რომ კადრების გამოქვეყნებაზე საუბარი თქვენს ანგარიშში, იქ მანამდე თქვენი განცხადებებიც მახსოვს მედიით გასული, რომელშიც საუბარია ძალადობის ნიშნების არსებობაზე ბატონ სააკაშვილზე. ეს ბოლო-ბოლო დადასტურდა რამენაირად თუ არა, თუ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ კადრების გავრცელება იყო ამ შემთხვევაში პრობლემური," - თქვა სარჯველაძემ.

ომბუდსმენმა სარჯველაძეს უპასუხა, რომ სააკაშვილის გადაყვანის კადრების გავრცელება და მისი ფორმა იყო ღირსების შემლახავი.

"თავად დაკავებული საუბრობდა ფიზიკური ძალის გამოყენებაზე და მე ეს დავადასტურე მაშინვე, როდესაც მოვინახულე გადაყვანილი პატიმარი და ასევე ჩვენი შეფასება იყო ის, რომ გავრცელებული კადრები და გავრცელების ის ფორმა, როგორც იყო გავრცელებული მისი გადაყვანის კადრები, ეს იყო ღირსების შემლახავი პატიმრის მიმართ. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობაზე, როგორც ვიცი საგამოძიებო სამსახური იძიებს და სწავლობს ეს ფაქტს და ეს მან უნდა დაადგინოს," - განაცხადა ლომჯარიამ.

პარტია "ლელოს" პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ლომჯარიას უკანონო მოსმენების შესახებ ჰკითხა, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პარლამენტს უფრო მეტი მოცემულ საკითხზე. 

"ეს ტოტალური მოსმენა, როდესაც დიდი ძმა უსმენს ფაქტობრივად ყველა მოქალაქეს, არის სერიოზული დარღვევა ჩვენი უფლებების და თავისუფლებების და მაინტერესებს თქვენი აზრით პარლამენტს რა შეიძლება გაეკეთებინა მეტი," - თქვა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს ნინო ლომჯარიამ უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი უნდა იყოს საგამოძიებო კომისიის ფორმატში, ასევე, მისი თქმით, შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება.

"არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური, მანამდე არსებობდა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. არცერთ ამ უწყებას არ ჰქონია რეალური და ეფექტური ბერკეტი რომ რეალური ზედამხედველობა და კონტროლი გაეწია, ხომ არ ახდენდა უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ მოსმენებს. რა თქმა უნდა საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც უნდა იყოს ამაზე საუბარი და საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაც არის შესაძლებელი," - განაცხადა ომბუდსმენმა.

დღის ამბები