28 აგვისტო 2026,   13:57
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა გრძელდება - სხდომაზე, ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი და "რუსთავი 2-ის" დირექტორი დასკვნითი სიტყვით წარსდგა

სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი და "რუსთავი 2-ის" დირექტორი, დასკვნითი სიტყვით წარსდგა.

პაატა სალიამ კონკრეტულ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ხანდაზმულობის ვადაზე. ის ამბობს, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მისი მხარეც არ ეთანხმება, კონკრეტულად იძულების ფაქტის დადგენის ნაწილში.

"სასამართლოსთვის წარგენილი დოკუმენტებით მათ ვერ დაადასტურეს რომ იძულებას ჰქონდა ადგილი, მეორე, მათ ვერ დაადასტურეს, რომ თუნდაც იძულებას ჰქონოდა ადგილი, ქიბარ ხალვაშს რაიმე შეხება ჰქონდა ამის მიმართ. ასევე, მათ ძალიან ბევრი ილაპარაკეს ხანდაზმულობაზე, მაგრამ ძალიან მარტივ შეკითხვაზე, რატომ არ შეიტანეს 3 წლის მანძილზე სარჩელი, როდესაც სამოქალაქო ხანდაზმულობის ვადა იყო, ამაზე პასუხი არ აქვთ,"- აღნიშნავს "რუსთავი 2-ის" დირექტორი პაატა სალია.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2-ის" კეთილსინდისიერი შემძენი არ არის და ამის დასამტკიცებლად, მათ სასამართლოს უამრავი არგუმენტი უკვე წარმოუდგინეს

"მოუწიათ მათ წინააღმდეგობა გაეწიათ არამარტო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებისთვის, არამედ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც თავის დროზე ხალვაში ჩაითვალა "რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილის მესაკუთრედ. შესაბამისად, მათ პოზიციას არ აქვს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი,"- აცხადებს დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მეორე ინსტანციაში "რუსთავის 2-ის" 60%-იან წილზე დაობენ. 

დღის ამბები