ქვემო ქართლში მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. დაშავებულს 4 ტყვია ქვედა კიდურების არეში აქვს მოხვედრილი.
არიფ აზიზოვს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
პოლიციამ უკვე ამოიღო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული მარკეტის ვიდეოკამერების ჩანაწერები.
კურიერის ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაზარალებული მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც არიფ აზიზოვის ძმა ამბობს, დაჭრა მის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვას უკავშირდება. დაწყებულია გამოძიება.
"ჩემი ძმა ახალი ჩამოსულია რუსეთიდან. მან მალე გაიგო, რომ ადგილობრივების გარკვეული ჯგუფი თანასოფლელებს ფულს იძულებით ართმევდა. იყო შემთხვევა, როდესაც ავტომობილი დაწვეს, მკვლელობაც კი მოხდა. ჩემმა ძმამ ამის შესახებ იცოდა, ამიტომ პირად Facebook გვერდზე დაწერა, რომ ეს მისთვის მიუღებელი იყო. სწორედ ეს არის დაჭრის მიზეზიც. ჩაიხანიდან გამოსულს 5 ტყვია ესროლეს, 4 მას მოხვდა," - ამბობს დაზარალებულის ძმა.