19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
დაავადების სიმპტომები, რომლებიც 4-5 დღის განმავლობაში გრძელდება და მკურნალობის მეთოდები - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში გავრცელებულ სეზონურ ვირუსებზე საუბრობს

ბოლო რამდენიმე კვირაა გავრცელებულია ვირუსი, რომელსაც ყელის ტკივილი, ხველა და დაბალი ტემპერატურა ახასიათებს. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "რუსთავი 2-თან" საუბრისას განმარტავს, რომ ქვეყანაში ცირკულირებს ენტეროვირუსი, კოკსაკი და სხვა.

ინფექციონისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ვირუსები ყოველწლიურად ვრცელდება და მათ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, არ საჭიროებენ სპეციფიკურ მკურნალობას.

"ქვეყანაში არის გავრცელებული სხვადასხვა ვირუსი, რესპირაციული ინფექციები, მათ შორის ენტერო, კოკსაკი. ეს ის ვირუსებია, რომლებიც ყოველწლიურად იწვევენ რესპირაციულ დაავადებას, თუმცა არ ახასიათებთ მძიმე მიმდინარეობა, დაახლოებით 4-5 დღეა კლინიკური სურათი გამოხატული და მათ სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდებათ. რაც შეეხება ყველაზე მეტად საშიშ რესპირაციულ ინფექციას, რომელიც არის გრიპი. გრიპის შემთხვევები ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა მოსალოდნელია, შემოდგომის მეორე ნახევარში და ზამთარში იყოს გრიპის შემთხვევების ზრდა", - აცხადებს ალექსანრდე გოგინავა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა განვასხვაოთ სეზონური ვირუსები გრიპისგან, გოგინავა პასუხობს, რომ გრიპს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, სახსრების, კუნთების ტკივილი და დაავადების მძიმე მიმდინარეობა. 

"სხვა რესპირაციული ინფექციები, რომლებიც ძირითადად ამ ეტაპზე ცირკულირებენ, მათ ახასიათებთ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, არ ახასიათებთ მაღალი ცხელება - დასაწყისში უფრო არის ყელის ტკივილი, სურდო და მშრალი ხველა, თუმცა არ აქვს მძიმედ გამოხატული ინტოქსიკაცია. რაც შეეხება გრიპს- გრიპს, როგორც წესი ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, სახსრების, კუნთების ტკივილი და დაავადების მიმდინარეობაც უფრო აგრესიულია, შესაძლოა გრიპი გახანგრძლივდეს 1 კვირაზე მეტ ხანს. სეზონური ვირუსებისგან განსხვავებით გრიპს აქვს უფრო მძიმე მიმდინარეობა და გართულების უფრო მაღალი რისკები,"- აცხადებს ინფექციონისტი.

ამასთან, როგორც ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, სეზონური ვირუსი მეტ წილად მოზარდებში და ბავშვებშია გავრცელებული.

"აღნიშნული ვირუსები გავრცელებულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა უფრო მეტად გვხვდება მოზარდებში და ბავშვთა ასაკში. როგორც ბავშვთა ასაკში, ისე მოზრდილებში აღნიშნული ვირუსი არ მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას, მკურნალობა შესაძლებელია სიმპტომურად. როგორც წესი, ეს ვირუსები მედიკამენტოზურ მკურნალობას არ საჭიროებს, თუ ტემპერატურული რეაქციაა საჭიროა სიცხის დამწევი, თუ ყელი სტკივათ შესაბამისი მკურნალობა. ეს ვირუსები რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას არც ბავშვთა ასაკში და არც მოზრდილ ასაკში არ საჭიროებს," - აცხადებს გოგინავა.

ამასთან, ალექსანდრე გოგინავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სეზონური ვირუსების მოცვა საზოგადოებაში მაღალია, სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვის საშიშროება არ არსებობს.

"მომართვიანობა არის როგორც ამბულატორიაში, ასევე სტაციონარში, მაგრამ ეს მიმართვიანობა არ არის ისეთი, რომ გამოიწვიოს ჰოსპიტლების გადავსება", - აღნიშნა ინფექციონისტმა "რუსთავი 2" -თან საუბრისას.

 
დღის ამბები