კამათი დედაქალაქის მერსა და ანტიკორიფციული მოძრაობის წევრს შორის - კახა კალაძე ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ადგილზე მივიდა ანტიკორიფციული მოძრაობის წევრი ლაშა ფარულავა, რომელმაც მეტრო ავლაბრის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა. სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ ამას მოყვა.
"უბრალოდ მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ბატონო კახი, ეს ნორმალურია, 18 მეტრით რომ უნდა ჩავიდეს კომპანია ფაქტობრივად, იქ გადის მეტროს გვირაბი?" – აცხადებს "ანტიკორუფციული მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ დაგეგმილ მშენებლობას მეტროს გვირაბთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"ინფორმაციაც არ გაქვთ, ზედაპირულად საუბრობთ. მეტროს გვირაბს იმ კონკრეტულ მონაკვეთთან საერთოდ კავშირი არ აქვს, არანაირი საფრთხის შემცველი არ არის. თუ რაიმე პრობლემა იქნება, კვლევები აჩვენებს, რომ რაიმე პრობლემაა ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა პროექტი არ განხორციელდება. რა თქმა უნდა თანახმა ვარ მოსახლეობას შევხვდე. ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის სამშენებლო ნებართვა გაცემული თქვენი ხელისუფლების პირობების დროს. იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხის შემცველი იყოს თუნდაც მინიმალურად 1% და პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას," - განაცხადა კახა კალაძემ.