15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პარასკევს მოუსმენენ - საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ დაიბარა

პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პარასკევს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ დაიბარა. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია. ძირითადი აქცენტები ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულების ჭრილში გაკეთდება. 18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის მეთაურის გარდა, მინისტრთა კაბინეტის კიდევ 2 წევრს - საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრებსაც მოუსმენენ.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ კითხვები ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში გაიგზავნა. მთავარ კითხვად ასახელებენ იმას, არსებობს თუ არა შანსი, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და რა გაკეთდა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, გაირკვა, რომ ევრორეკომენდაციების თითქმის ყველა მუხლი საქართველოს პარლამენტის მიერ არის შესასრულებელი.

"პარლამენტის წევრი ეკითხება პრემიერს რას აკეთებო. წარმოუდგენელია, მაგრამ პრემიერი ქვეყნის პირველი პირია, აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი, პასუხისმგებლობას ინაწილებს ჩვენთან ერთად და მოვა და გასცემს ამაზეც პასუხებს, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას არსად წაუვა, თუმცა ცოტა უცნაურია რბილად რომ ვთქვათ, პარლამენტარი შენს შესასრულებელ საკითხებზე, ბოიკოტს რომ უცხადებ და ჩართული არ ხარ, ეკითხები პრემიერს აბა ერთი მომიყევი რას აკეთებო," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები