03 სექტემბერი 2026,   11:36
ვრცლად
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა იწყება - ყოფილი პრეზიდენტი პროცესს, სავარაუდოდ, "ვივამედიდან" ჩაერთვება

ამ წუთებში იწყება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა - განხილვის საგანი ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადებაა.

სავარაუდოდ, "ვივამედიდან" ჩაერთვება პროცესს მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ სასამართლომ განკარგულება გუშინ გასცა. სხდომაზე იგეგმება მოწმეების, მათ შორის, ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის დაკითხვა.

ადვოკატი ამბობს, რომ კლინიკა "ვივამედი" ტექნიკურად უკვე აღიჭურვა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სასამართლოზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენება იგეგმება. 

"პირველი, ბატონ სააკაშვილის სასჯელის მოხდის გადავადება ან გათავისუფლების შუამდგომლობა იქნება, მეორე რასაც დავაყენებთ, ვითხოვთ ვიდეო მასალის გამოთხოვას, რომელიც დაპატიმრებიდან დღემდე არის გადაღებული სააკაშვილის როგორც დერეფნებში ყოფნის, ისე საკანში ყოფნის, ისე პალატაში ყოფნის. რომ ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესვას რაღაც უაზრო სპეკულაციებს. ამ ვიდეო მასალის გამოთხოვას ვითხოვთ უკვე 6 თვეა, არ გვეძლევა შესაძლებლობა და ახლა მოსამართლის წინაშე დავაყენებთ ამ შუამდგომლობას. სასამართლო მზად არის, მომზადებულია მონიტორები და ელოდებიან პენიტენციურს,“ - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან.   

"ევროკავშირის წევრობა რომ გვინდა, ცივილიზებული სამყაროს წევრობა რომ გვინდა, კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ პრეზიდენტის მკვლელებს იქ არ ელოდებიან და კარგად უნდა გაიაზრონ ეს იმ ადამიანებმა, ვისთვისაც მიშა დღეს ჯერ კიდევ ოპონენტია ანა რ მოსწონთ. ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობ, რომ სასამართლო პროცესები პირველ რიგში უნდა დაჩქარდეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნას მიღებული მის გადაყვანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოლოდინებს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას," - აცხადებს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები