რუსთავის მერია ძველ კორპუსებზე მიშენებას აკრძალავს - ეს გადაწყვეტილება მერმა ქალაქში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ მიიღო. გუშინ, 3-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია - დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდა რუსთავის მერი.
"გუშინ, ღამითვე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომ ვიმოქმედოთ სწრაფად და ეფექტიანად. ყველაზე მთავარი არის რომ არ მოჰყოლია მსხვერპლი და მძიმე დაზიანება. 19 ოჯახი არის სრულად გამოყვანილი არსებული კორპუსიდან. მათგან რამდენიმე ოჯახი მუნიციპალიტეტის დახამრებით გადაყვანილია სასტუმროში.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რუსთავის მერიაში მაქსიმალურად გამკაცრდება მიმდინარე საქმეებზე რეაგირება. ისეთ საქმეებზე, როგორიც ეხება ძველ კორპუსებზე მიშენება-დაშენებას და ნებისმიერი სამშენებლო ჩარევის განხორციელებას," – აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი ავარიული იყო და მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. პირველი სართულიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილი იყო, ხოლო დაშავებული მოქალაქე კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა.
"დემონტაჟის პროექტის ფარგლებში ხდებოდა იქ სამუშაოების ჩატარება. ფაქტია, რომ რაღაც ეტაპზე იყო დაშვებული შეცდომა. გამოძიებას დაველოდოთ და მივიღოთ მათგან ზუსტი ინფორმაცია. მიმდინარე პროექტები გადაიხედება, ხოლო ახლები აღარ დაექვემდებარება განხილვებს," - განაცხადა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა კობა ძლიერიშვილმა.