03 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა კომპანია "ამაზონის" ვიცე-პრეზიდენტთან მაიკლ ფუნკესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია "ამაზონის" ვიცე-პრეზიდენტთან მაიკლ ფუნკესთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა დავოსში ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს დელეგაცია ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.

"მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა "ამაზონს" შევთავაზეთ, რომ განიხილონ შესაძლებლობა საქართველოში "ამაზონის" ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობისთვის" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 
 
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც "ამაზონის" ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება.
 
"ჩვენი შეთავაზებაა, რომ "ამაზონმა" საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში "ამაზონის" დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დღის ამბები