23 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ყოფილი სამხედრო მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ- ტრაგიკული ღამის თვითმხილველები მომხდარს "კურიერთან" იხსენებენ

საგარეჯოში, შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ვალერი მათიაშვილი "კურიერს" მომხდარის დეტალებს კლინიკიდან უყვება.

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მას დამიზნებით იმ დროს ესროლა, როდესაც იქვე მდებარე მაღაზიის თანამშრომლების დახმარებას ცდილობდა. ვალერი მათიაშვილთან ერთად შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა ყველა, ვინც ეზოში გამოვიდა. ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ნოდარ ათუაშვილის ტყვიამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.

მათგან ორი - დავით ნასრაძე და ზაზა ჩიხლაძე - ბიძაშვილები იყვნენ. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი ნოდო რჩეულიშვილი და მისი მეგობარი ზაქრო მათიაშვილიც. პოლიციის ლეიტენანტს, 37 წლის ოთარ ღვინაშვილს კი მკვლელმა ზურგში იმ დროს ესროლა, როცა სამართალდამცველი დაჭრილი მოქალაქის გადარჩენას ცდილობდა.

თვითმხილველები მძიმე ღამის დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ საგარეჯოს ცენტრში სროლის ხმა დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაისმა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივანზე გამაგრებული ნოდარ ათუაშვილი დამიზნებით ესროდა ყველას. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ თავდამსხმელი დაჭრილებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა არც სასწრაფოს და არც პოლიციას.

დაშავებულებიდან ერთ-ერთს ტყვია არტერიაში მოხვდა. ახალგაზრდა მამაკაცს საგარეჯოს საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. კიდევ ერთი დაჭრილი კი თვალის არეში მიყენებული დაზიანებით თბილისში გადმოიყვანეს. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა სისხლის ბანკი.

საგარეჯოს ცენტრში სპეცოპერაცია თავდამსხმელის თვითლიკვიდაციით დასრულდა. გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე პირადად მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განმარტა, თუ რა ვითარება დახვდა სპეცდანიშნულების რაზმს ბინაში შესვლის შემდეგ.

დღის ამბები