06 თებერვალი 2023,   14:01
ვრცლად
თაღლითი, რომელიც თავს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანად ასაღებდა - როგორ ატყუებდა ახალგაზრდებს და კიდევ რას სთავაზობდა აბიტურიენტებს

სამართალდამცველებმა რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია ჩაატარეს. გაჩხრიკეს ბინა და ამოიღეს მტკიცებულებები. თაღლითობის ბრალდებით პოლიციამ 48 წლის ლია ვაჩაძე დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე დღეს კურიერის გადამღებ ჯგუფს არავინ დახვდა. მეზობლები ადასტურებენ რომ ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

გამოძიების ინფორმაციით, ლია ვაჩაძე აბიტურიენტების ოჯახებს ატყუებდა რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იყო და შეეძლო ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა. ის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინით უზრუნველყოფასაც პირდებოდა. საქმეში პროკურატურა მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაზარალებულებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ვინაობით ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთოდ არავინ მუშაობდა. "კურიერთან" საუბრისას დაზარალებულები ყვებიან, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის ლია ვაჩაძე აბიტურიენტებს ონლაინ გაკვეთილებსაც უტარებდა.

თავად ბრალდებულს ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. როგორც ადვოკატი "კურიერთან" ამბობს, დაკავებული შოკურ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკითხვის საშუალებას არ იძლევა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი არ უარყოფს, რომ გამოძიების მასალებში საუბარია დაახლოებით 120 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებაზე. სავარაუდო დანაშაული 2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თაღლითობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თვითმარქვია დეკანის წინააღმდეგ პროკურატურაში უკვე 10 საჩივარი დევს, თუმცა გამოძიება დაზარალებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

თაღლითობაში ბრალდებული ახლა პენიტენციურ დაწესებულებაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ციხეში მინიმუმ ექვსი წლის გატარება მოუწევს.

დღის ამბები