გახმაურებული დანაშაულის მთავარი მსხვერპლი ჩვენებას განსასჯელების სასარგებლოდ აძლევს. არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი სერგი ქურთიაშვილი ირწმუნება, რომ მისი მკვლელობის მცდელობასთან ძმებ კაკულიებს არანაირი კავშირი არ აქვთ. ქურთიაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას პროკურატურა სწორედ გურამ და დავით კაკულიებს ედავება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კაკულიების სასარგებლოდ მისცა ჩვენება ქურთიაშვილის მეგობარმა გიორგი კაჭკაჭიშვილმაც, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. კაჭკაჭიშვილის თქმით, თავდამსხმელებს ჩაფხუტები ეხურათ, თუმცა ირწმუნება, რომ სახის ნაკვთები მაინც დააფიქსირა და ის ძმებ კაკულიების აღწერილობას არ ემთხვევა.
რატომ აძლევენ დაზარალებულები ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებებს?! "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ორივე დაზარალებული კაკულიების გარემოცვასთან ესპანეთში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. წყარო ყვება, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ ქურთიაშვილს და კაჭკაჭიშვილს სასამართლოში. დაზარალებულების მიერ საზღვრის კვეთის ფაქტს საქმის პროკურორიც ადასტურებს.
დაზარალებულების ჩვენებებზე დაყრდნობით დაცვის მხარეს იმედი აქვს რომ მოსამართლე ძმებ კაკულიების მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
დაზარალებულების ჩვენების მიუხედავად საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელის ბრალდების მხარე. პროკურორი ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც კაკულიების ბრალეულობას უტყუარად ადასტურებს.
ჩანაწერი, რომელზეც პროკურორი საუბრობს დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან არაყიშვილის ქუჩიდან მიმავალი სავარაუდო თავდამსხმელები მზიურის პარკის ტერიტორიაზე.
კადრებში არ ჩანს დანაშაულის იარაღი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით საქმეში ფიგურირებს გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი. როგორ აღმოჩნდა ეს იარაღი თავდამსხმელების ხელში? ამის გასარკვევად პროკურატურა ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბესარიონ ჟვანიას დაკითხვას გეგმავს, რომელიც ძმები კაკულიების დიდი ხნის მეგობარია. თავად ჟვანია საქართველოში არ იმყოფება. მის დასაკიტხად პროკურატურამ უცხოელ კოლეგებს მიმართა.