მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ ადვოკატები მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებენ და სტრასბურგისთვის საქმე მზად იქნება. თუმცა ირკვევა, რომ დაცვის მხარეს გიული ალასანიასგან განსხვავებული პოზიცია აქვს. შალვა ხაჭაპურიძე თვლის, რომ გადაუდებელი ღონისძიების გამოყენების სარჩელით სტრასბურგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ პატიმრის ჯანმრთელობა განსაკუთრებით დამძიმდება. რა შეიძლება დაადგინოს საერთაშორისო სასამართლომ? - ადვოკატი მოლოდინებზე წინასწარ ვერ საუბრობს, თუმცა იხსენებს იმ რეკომენდაციას, როდესაც რამდენიმე თვის წინ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
სტრასბურგში ექსპრეზიდენტის სასარგებლოდ საქმის დასრულების პერსპექტივას ვერ ხედავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ კონკრეტული სამართლებრივი მიზეზები "ღამის კურიერში" განმარტა. მმართველი პარტიის ლიდერმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი დღესაც გააკეთა და თქვა, რომ თუ პატიმრის თვითდაზიანების საფუძველზე სტრასბურგი გათავისუფლების პრეცედენტს შექმნის, ეს არა მარტო ქართულ, არამედ მთელ მართლმსაჯულების სისტემებს ჩამოშლის.
სააკაშვილის პარტიის წევრები და მისი გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი კი იმედს მაინც ევროპულ სასამართლოზე ამყარებენ.
სტრასბურგში წარსადგენი მტკიცებულებები რომ სააკაშვილს არ აქვს, ამაზე დღეს დარწმუნებით საუბრობდნენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების თქმით, ევროპული სასამართლო პატიმრის მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლების პრეცედენტს ვერ შექმნის.
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს სავარაუდოდ ორშაბათს მიმართავს.