03 მაისი 2024,   22:12
ვრცლად
ქოლერა და ტიფი - დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთი და სირია მწვავე ინფექციური დაავადებების რისკის წინაშე არიან 

ქოლერა და ტიფი - მიწისძვრის შემდეგ თურქეთი და სირია ახალი კატასტროფის მოლოდინში არიან. ინფექციური დაავადებები სტიქიის ზონებში იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ამას სპეციალისტები ელოდებოდნენ. ნანგრევების ქვეშ დარჩენილი ცხედრები, საერთაშორისო ორგანიზაციების თქმით, გახრწნას იწყებენ, რაც ინფექციური დაავადებების გავრცელებას ხელს უწყობს. 

მილიონობით ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ჯერ კიდევ ესაჭიროება. სტიქიის შედეგად დაინგრა კლინიკები და დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სანიტარული ნორმების დაცვა ვერ ხერხდება, დაბინძურებული წყალია. ჯანდაცვის ექსპერტები ბავშვებში რესპირატორული და ნაწლავური დაავადებების გავრცელებას ვარაუდობენ.

თურქეთში ჩავიდა იენს სტოლტენბერგი. ნატოს გენერალური მდივანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მხარდაჭერას დაპირდა.

საქართველოდან თურქეთში უკვე ჩავიდა მორიგი სამაშველო ჯგუფი. 100 ქართველი მაშველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩაერთვება. უკვე თურქეთშია საქართველოდან გაგზავნილი 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან ამისთვის მილიონი ლარი გამოიყო. დახმარებას ადგილზე დახვდნენ თურქეთის მხარის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩი თურქეთში.

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 42 000-ს აჭარბებს. მსხვერპლისა და ზარალის შედეგების დათვლასთან ერთად, თურქეთის სამართალდამცავი უწყებები შენობების მდგრადობაზე პასუხისმგებელ პირებს აკავებენ.

 

დღის ამბები