თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე პირველი პროცესი დაიწყება. ეს იქნება წინასასამართლო სხდომა, რომელზეც მხარეები შუამდგომლობებს დააყენებენ.
ადვოკატები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ. მათი ნაწილი დააყენებს შუამდგომლობას, პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შესახებ.
"დავაყენებთ საკითხს, რომ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება. აღნიშნულის საფუძველი იქნება ის, რომ გამოძიება ფაქტობრივად არ ჩატარებულა ამ საქმეზე, თვითონ პროკურატურის ოფიციალურ განცხადებებშივეა აღნიშნული, რომ ის ძირითადი მტკიცებულება, რაზედაც შეიძლებოდა დაყრდნობილიყო რაიმე თეორიული ბრალი ამ დრომდე გამოძიებას არ აქვს. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დააკავშირებდა და დაადგენდა მიზეზობრივ კავშირს ტრაგედიასა და შესრულებულ სამუშაოს შორის, ასეთი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს," - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურას, საგამოძიებო უწყებაში დაცვის მხარის გაკეთებულ განცხადებებს უარყოფენ და განმარტავენ, რომ დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა და ჩატარებულია ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
"რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას საკითხზე, რომ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერიმენტები, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ბრალდების მხარემ და გამოძიებამ ჩავატარეთ ყველა საგამოძიებო მოქმედება და საჭირო საპროცესო მოქმედება, დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზები და ბუნებრივია, დაცვის მხარის ეს პოზიცია უსაფუძვლოა. რაც შეეხება მნიშვნელოვან ექსპერტიზას, საუბარია საინჟინრო, ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზებზე. ექსპერტიზებმა უნდა გასცეს პასუხი პროექტთან შესაბამისობაში რამდენად იყო მშენებლობა, რამდენად იყო პროექტი სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში," - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, 9 დაკავებულიდან 4-ს ბრალი დაუმძიმა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება უკვე უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.