03 მაისი 2024,   14:05
ვრცლად
შალვა ხაჭაპურიძემ "ვივამედის" დირექტორს "რუსი  ენდოკრინოლოგი" უწოდა და რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა - რას პასუხობს ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის ადვოკატს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, კლინიკა "ვივამედის" დირექტორს რუსულ
კონტაქტებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზურაბ ჩხაიძე რუსული გაზეთის საბჭოს წევრია, რომლის რედაქტორიც პუტინმა დააჯილდოვა. 

"22 თებერვალს პუტინი აჯილდოებს ამ კაცს, ამ [სამედიცინო ჟურნალის] რედაქტორს, ვინმე დეგოვს და ამ ჟურნალის რედკოლეგიის წევრი გახლავთ ბატონი ზურაბ ჩხაიძე. ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი," - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

ზურაბ ჩხაიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ გაზეთი სომხურია და წლებია ამ გამოცემასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ძალიან სასაცილოა ეს ე.წ. ბრალდება ხაჭაპურიძის მხრიდან. ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის და ალბათ ეს ფანტაზიები, უფრო სხვა განწყობაზეა თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის. დავიწყოთ იქიდან, რომ ჟურნალი არ არის რუსული. ჟურნალი გამოიცემა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში. ეს იყო 2000 წელი თუ არ ვცდები, როდესაც შემომთავაზეს ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა, რომ მონაწილეობა მიმეღო ამ ჟურნალის სტატიების რეცენზირებაში.

სამედიცინო ჟურნალი შალვა ხაჭაპურიძისგან ძალიან შორს არის, ზოგადად სამეცნიერო ჟურნალი, ელემენტარული წერა-კითხვა არ იცის და ელემენტარული ტერმინოლოგია ვერ ვასწავლეთ ამ კაცს წელიწადის განმავლობაში, რომ დაიმახსოვროს. ამაზეა ზუსტად თქმული ქართული ანდაზა, "ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

დღის ამბები