04 მაისი 2024,   20:14
ვრცლად
თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში ცხედრების ძებნა გრძელდება - ქართველი მაშველები, სამძებრო სამუშაოებში მიწისძვრის პირველივე დღიდან ჩაერთნენ

რეგიონში ყველაზე დიდი და დამანგრეველი სტიქია - 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედია დატრიალდა, უდიდესი მასშტაბის მიწისძვრა მოხდა და ადგილობრივი პროვინციები, ფაქტობრივად მიწასთან გასწორდა. თურქი სეისმოლოგების ინფორმაციით ბიძგების სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა, 20 დღის შემდეგ კი - დაღუპულთა რიცხვი 41 000-ს გადასცდა.

ქართველი მაშველები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველივე დღიდან, მეგობარ ქვეყანას, თურქი ხალხის გადარჩენაში და მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში დაეხმარა. პირველივე დღეებში ქართველმა მაშველებმა 3 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს და ნანგრევებიდან 80-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს.

პირველი ადამიანი, რომელიც ქართველმა მაშველებმა გადაარჩინეს 21 წლის გოგონა იყო. რამდენიმე საათი ნანგრევებში იყო მოყოლილი და შველას ითხოვდა. ასევე, 21 საათიანი ლოდინის შემდეგ 41 წლის ქალის გათავისუფლება, განსაკუთრებით ემოციური იყო. გამორჩეული როლი შეასრულა, მაშველმა ძაღლმა ტინტომ, რომელიც ქართველ მაშველებს მისიის შესრულებაში დაეხმარა.

დამანგრეველი მიწისძვრის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჰათაიში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და მეზობელ, პარტნიორ სახელმწიფოს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. თურქეთის მხოლოდ ამ პროვინციაში დაღუპულთა რიცხვი 22 000-ს გაუტოლდა. ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მაშველებს შეხვდა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და თურქეთს შორის ასეთი კეთილმეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ბევრი წელია გრძელდება. თურქმა მაშველებმა საქართველოს ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს დიდი დახმარება გაუწიეს და უმძიმეს სტიქიასთან გამკლავებაში დაეხმარნენ. 2017 წელს, ბორჯომის ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართული იყო 2 თურქული ვერტმფრენი. გასულ წელს, ასევე ხანძრის ჩასაქრობად, თურქეთის ხელისუფლებამ 3 სპეციალური თვითმფრინავი გამოგზავნა. პრემიერმა თურქულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო ყოველთვის მზადაა პარტნიორ ქვეყანას დახმარება გაუწიოს.

დღის ამბები