15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
კამათი ბიუროზე - პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს მოუწოდა, მანდატურის სამსახურს დაემორჩილონ, ოპოზიციამ კი უმრავლესობა ძალადობაში დაადანაშაულა

კამათის ფონზე მიმდინარეობს ბიუროს სხდომა პარლამენტში, რომელზეც ხალხის ძალის მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს განიხილავენ. კიდევ ერთი თემა უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმია, რომლის ფონზეც ორი დღეა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობს. მანდატურებს ბიუროს სართული ჩაკეტილი აქვთ და უშვებენ მხოლოდ ბიუროს წევრებს, ამ გადაწყვეტილებას ინციდენტიც მოჰყვა, როდესაც ოპოზიციის ბიუროს არა წევრი დეპუტატები სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ. საბოლოოდ ბიუროს ოთახში მხოლოდ ის დეპუტატები შეუშვეს, რომლებიც ბიუროს წევრები არიან.

"მინდა მადლობა გადავუხადო მანდატურის სამსახურს, ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის, ამიტომ თხოვნა მექნება ყველას მიმართ, პატივი ვცეთ ჩვენს მანდატურის სამსახურს. ძალადობა იყო მანდატურების მიმართ და არის კადრებში ეს.

მეორე საკითხი - რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, პარლამენტის სასახლეს იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. ეს დღეები, როდესაც განსაკუთრებით გაძლიერებული რეჟიმია, ამ შენობაში იმყოფება სდსს, მინდა მათაც მადლობა გადავუხადო. ეს ხალხი, საქმე საქმეზე თუ მიდგა, თქვენს უსაფრთხოებასაც დაიცავს სიცოცხლის ფასად," - მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ხატია დეკანოიძე კი პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს, რომ ძალადობა, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, უმრავლესობის მხრიდანაც დაფიქსირდა.

"მარტო ჩვენი მხრიდან პროტესტს ხედავთ შენობაში? მთელი ამ დღეების განმავლობაში ძალადობდნენ დეპუტატებზე უმრავლესობის მხრიდან. ვერ დაინახეთ კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრი რომ ურტყამს ოპოზიციონერ დეპუტატს? თუ ოპოზიციის დეპუტატებს არ შეუძლიათ დერეფნებში გადაადგილება და - ყველაფერი შეუძლიათ ბიუროზე უმრავლესობის წარმომადგენლებს - გინებაც შესაძლებელია, თავში ჩარტყმაც, მაგრამ, ამაზე შენიშვნა არ შეიძლება უმრავლესობისთვის, ასე უყურებთ ამ მოვლენებს? როცა უმნიშვნელოვანესი დღეებია ქვეყანაში და პირდაპირ ამბობთ, რომ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი აღარ არსებობს, რადგან გადაწყვიტეთ, ეს კანონპროექტები მიიღოთ... ვისგან იცავთ ამ შენობას? - ჰკითხა დეკანოიძემ პაპუაშვილს.

ბიუროს სხდომის დაწყებამდე იყო ინციდენტებიც, როდესაც ოპოზიცია ითხოვდა სხდომაზე შესვლას, უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმიდან გამომდინარე კი ბიუროზე შეუშვეს მხოლოდ წევრი დეპუტატები. შესვლაზე უარი უთხრეს, მათ შორის, გიორგი ბოტკოველს, გიორგი ვაშაძეს, ანა წითლიძეს. 

ბიუროს სხდომა, ამ დროისთვის, დასრულებულია. 

დღის ამბები