28 მაისი 2023,   14:07
ვრცლად
შეცვლის თუ არა სააპელაციო სასამართლო, სიღნაღის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს და აღმოჩნდებიან თუ არა პედოფილიაში მხილებული მამა-შვილი კვლავ  გისოსებს მიღმა

პედოფილიაში მხილებული და პირველი ინსტანციის მიერ გამართლებული მამა-შვილი შესაძლოა კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ. გამოძიების მტკიცებით 85 წლის მამაკაცი 50 წლის ვაჟთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 14 წლის გოგონას 8 წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ჩადიოდა.

მოპოვებული მტკიცებულებებისა და არასრულწლოვნის დედის ჩვენების მიუხედავად სიღნაღის სასამართლომ მამა-შვილი უდანაშაულოდ სცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაზარალებული გოგონა ყვება, რომ მამინაცვალი და მამინაცვლის მამა მას 8 წლის ასაკიდან აუპატიურებდნენ. ბრალდებული მამა-შვილი ახლა თავისუფლებაზე იმყოფება, რადგან რაიონულმა სასამართლომ მათ წინააღმდეგ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. პროკურატურამ გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. დღეს სააპელაციო სასამართლოში მყოფმა ბრალდებულებმა კამერის წინ საუბარი არ ისურვეს.

ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულია მათი ინტერესების დამცველი. ადვოკატი ამბობს, რომ პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი დასაბუთებული და კანონიერია. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაზარალებული გოგონა დედის ზემოქმედების ქვეშაა და გამოძიებას ცრუ ჩვენებას აძლევს.

დანაშაული კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არასრულწლოვანი რაიონულ სასამართლოში ერთხელ უკვე დაკითხეს, ახლა მას ფსიქოლოგების თანდასწრებით იმავეს გამეორება მეორე ინსტანციაშიც მოუწევს.

ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ რაიონული სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლო შეცვლის. პროკურორი ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.

მომხდარის გახსენება უჭირს არასრულწლოვნის დედას. მან ჩვენება პირველ ინსტანციაში რამდენიმე თვის წინ მისცა, რის შემდეგაც "კურიერთან" საქმის უმძიმეს დეტალებზე ისაუბრა.

შეცვლის თუ არა პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლო. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა მიიღოს. არ არის გამორიცხული ბრალდებული მამა-შვილი გისოსებს მიღმა, მრავალი წლით აღმოჩნდნენ.

დღის ამბები