პარლამენტთან, "ნაციონალური მოძრაობის" და ლევან ხაბეიშვილის მიერ დაორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. "ერთად ევროპაში"- ეს აქციის სლოგანია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები არიან პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულება და კანდიდატის სტატუსის მიღება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია.
"ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა ყველა დავდგეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულება და კანდიდატის სტატუსი, ამ ყველაფრის მიღება წარმოუდგენელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე. ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია”-ს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დღევანდელი აქცია ზეპარტიულია და მისი მთავარი მიზანი, 12 პუნქტიანი გეგმის ზედმიწევნით შესრულებაა.
"ეს არის ზეპარტიული აქცია, მიუხედავად იმისა ვინ გამოაცხადა ეს აქცია ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვათ იმ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება დაწყებული, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და გაგრძელებული ყველა იმ პუნქტით, რომელიც შესასრულებელია მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართლის” თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თუ საქართველოს დასავლეთი უნდა, მაშინ დასავლური ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მოთხოვნებში არის 12 პუნქტის შესრულება. იმ 12 პუნქტში, შავით თეთრზე წერია, რომ არ უნდა გვყავდეს პოლიტპატიმრები. უბრალოდ სირცხვილია, რომ ვიღაცები ერთმანეთს ვეჩხუბოთ, ეს არის ძალიან უხერხული. ეს ის დღეა, როდესაც ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ეს დღეა 9 აპრილი. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა დასავლეთი, უნდა ვიფიქროთ დასავლურ ღირებულებებზე", - განაცხადა ჩარკვიანმა.