პარტია, რომელიც უკვე მე-11 წელია რაც ხელისუფლებაშია, ირწმუნება, რომ ყოველი არჩევნების წინ მე-3 სექტორის მიერ გამოქვეყნებული კვლევები არასოდეს მართლდება და ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს. ამის დასამტკიცებლად "ოცნების" ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო ორი შუალედური არჩევნების ცხრილი წარმოადგინეს.
მმართველი გუნდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ოცნების კანდიდატებს უფრო მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ვიდრე 2021 წელს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები, ამომრჩეველმა, პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა. გარკვეული ძალები შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სხვადასხვა მეთოდებით, ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობას ცდილობდნენ, თუმცა არჩევნებმა საპირისპირო შედეგები აჩვენა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ სოციალური ქსელის საშუალებით, შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" შედეგები გამოაქვეყნა. ცხრილში ჩანს, რომ კონკრეტულ რეგიონებში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა 2023 წელს წინა წლებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს.
შუალედური არჩევნების შედეგები პარტიისადმი ამომრჩევლის მხარდაჭერის საზომად ოპოზიციის აზრით არ გამოდგება. მათი თქმით, რეალური შედეგები 2024 წლის არჩევნებში აისახება, სადაც ოპოზიციას წარმატების დიდი შანსი ექნება, რადგან ბოლო კვლევების მიხედვით "ქართული ოცნების" რეიტინგი მცირდება.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 19%-მა მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა. რაც "აი არ აის" გასული წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით 6%-ით ნაკლები მაჩვენებელია. კვლევა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით გაყალბებულია. ირაკლი კობახიძემ ამის დასტურად, პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, შუალედური არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა.
სოციოლოგიური კვლევის გაყალბება, როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, ოპოზიციის გეგმებთან კავშირშია.
"IRI"-იმ საქართველოში საოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები 25 აპრილს გამოაქვეყნა.