თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ზეწოლა გრძელდება და ამის მიზეზი ყველასთვის ნათელია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა, ყველაზე დიდი შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილია.
"ეს ზეწოლა გრძელდება, რა განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში. ყველამ ვიცით, რა ამის მთავარი მიზეზი, რატომ ხდება. ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, რადგან არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, არ გვინდოდა დაგვეზიანებინა საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება, შევუერთდეთ სანქციებს, როცა დარწმუნებული არ ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ხარაკირი. იგივეა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ხომ გადავიხადეთ მძიმე საფასური, ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა უბედურება და ზიანი მოგვაყენა 2008 წელმა. ამიტომ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანზე არის ყველაზე მეტი შეტევა. როგორც იცით, მას თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადი და ნათელია," - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბიძინა ივანიშვილის ფორმალურმა დასანქცირებამ, კალაძე ამბობს, რომ ეს უშედეგო იქნება.
"შედეგები - არაფერი. რა სურვილიც აქვთ მათ, რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს, რატომაც აკეთებენ ამას, შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რათა მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა," - განცხადა კახა კალაძემ.