15 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
კამათი პლენარულ სხდომაზე - პოლიტიკური ბრალდებების კიდევ ერთი თემა, პარლამენტში სასამართლო სისტემის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გახდა

კამათი და დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე. პოლიტიკური ბრალდებების კიდევ ერთი თემა, პარლამენტში სასამართლო სისტემის შესახებ, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გახდა. ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ახსნა განმარტება მოითხოვა, რატომ არ არის დღის წესრიგში კომისიის შექმნის საკითხი.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარლამენტმა რეგლამენტით იხელმძღვანელა და სხდომის დღის წესრიგი, კვირის დასაწყისშივე განსაზღვრა. უმრავლესობა ოპონენტებს საბოტაჟში ადანაშაულებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა და თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა საფუძვლის გარეშე, კენჭისყრის საკითხებიდან გააქროს.

"არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ თქვენ თქვენი პირადი გადაწყვეტილებით გააქრეთ, წაშალეთ საკითხი, რომელიც იყო კენჭისყრის საკითხებში. ეს არის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა. რატომ თვლით, რომ თქვენ გაქვთ უფლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოთ კენჭისყრის საკითხებიდან გააქროთ ყველანაირი საფუძვლის გარეშე საკითხი. ანუ თქვენ, მზად ხართ ბატონო სპიკერო გადაეფაროთ თქვენს უმრავლესობასთან ერთად მთელს კლანს, მთელს სასამართლო სისტემას", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შალვა პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძეს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნისკენ მოუწოდა და თქვა, რომ რეგლამენტისა და პროცედურების ცოდნა მნიშვნელოვანია.

"კვლავ უნდა მიგითითოთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე, 89-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, პარლამენტის ბიურო და არა ერთპიროვნულად ვინმე ადგენს პროექტს, პლენარული სხდომის დღის წესრიგისა. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის ბიურო გაიმართა გუშინ, ბიუროზეც მოგახსენეთ, რომ საკითხის დაყენება შეგეძლოთ ბიუროზე, თუ ფიქრობდით რომ რაიმე საკითხი შესატანია დღის წესრიგში. გუშინ, ოპოზიციიდან არავის ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია, პარლამენტის ბიუროზე საკითხი არ დაუყენებია, რათა ცვლილება შეგვეტანა პარლამენტის დღის წესრიგში. თქვენ, მანამ სანამ დავამტკიცებდით პარლამენტის სხდომის დღის წესრიგს, შეგეძლოთ საკითხი დაგეყენებინათ სხდომის წინაშე, რომ შეგვეტანა ეს საკითხი დღის წესრიგში და სხდომა ამ საკითხს გადაწყვეტდა, მაგრამ ეს საკითხიც არ დაგიყენებიათ და ისე დამტკიცდა დღის წესრიგი, ამიტომ ახლა ესეც დაგვიანებულია. რეგლამენტის ცოდნა მნიშვნელოვანია, პროცედურების ცოდნა მნიშვნელოვანია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები