საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაში იჩივლებს, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მოქმედს 50 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი განცხადებაც წარუდგინა.
პოლიტიკური ძალები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, ხელი არ შეუშალონ კომისიის შექმნას. პარტიებისთვის მმართველი გუნდის პოლიტიკური ბრძოლის” მეთოდი კონსტიტუციის დარღვევაა. ქვეყნის მთავარი კანონის პატივისცემისკენ უსუფაშვილს და მის თანამოაზრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ დარაბზშივე მიუთითა.
ოპოზიციამ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანის დაანონსებამდე, დარბაზში მობილიზაცია გამოაცხადა. ვიდრე საერთო პოზიციის შესახებ გახდებოდა ცნობილი, მანამდე ერთმანეთს საკითხები შეუთანხმეს.
ამ კონსულტაციების დასრულების შემდეგ კი სხდომის მიმდინარეობის დროს ხელმოწერების შეგროვება დარბაზშივე დაიწყეს. 50 ოპოზიციონერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, კომისიის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა თეონა აქუბარდიამ გადასცა.
მცდელობის მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციამ შედეგს დღეს ვერ მიაღწია. დეპუტატებმა საკითხებს კენჭი უყარეს, თუმცა ისე, რომ კომისიის შექმნა დღის წესრიგში შეტანილი არც ყოფილა.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კომისიის შექმნაზე მმართველი ძალის უარი სხვა საკითხების ინიციირებას შეუქმნის საფრთხეს. ოცნებაში კი ამბობენ, რომ ოპონენტების მთავარი მიზანი სასამართლოს და ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა.
ოპოზიციის ინიციატივაში სახელისუფლებო გუნდი, სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ შურისძიების მოტივს ხედავს. ”ქართული ოცნების” ლიდერების აზრით ოპონენტების ქმედებები საბოტაჟს ნიშნავს.
სასამართლოსთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიცია უკვე მეორე სასესიო კვირაა ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ ეს მათთვის პრინციპის საკითხია და უარის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სასამართლოს დისკრედიტაციის სურვილს ასახელებენ.