საზოგადოებრივი მოძრაობის, "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ NDI-ის კვლევებს არ ენდობა, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ნდობის კლების ნაწილში ეთანხმება.
მისივე შეფასებით, ეს გამოიწვია ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებამ და რადიკალურმა ნაბიჯებმა.
"ზოგადად, NDI-ის კვლევებს მე მაინცდამაინც ვერ ვენდობი, თუმცა ოპოზიციას ნდობა დაკარგული აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება და კერძოდ მათი მომხრეები, არაერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას. მათი ქმედება მიმართულია რადიკალიზმისაკენ და მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამაში მათი მომხრეები და, ზოგადად, საზოგადოებაც არაერთხელ დარწმუნდა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი თანდათან კარგავენ მომხრეებს,"-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევა 7-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.