ქოლცენტრების მორიგი საქმეც, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემა გახდა- გიორგი ვაშაძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს დანაშაულებრივ სქემასთან- საქმე ეხება გუშინ აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას.
რამდენიმე ოფისი დალუქეს შენობაში, რომლის მფლობელი სწორედ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის ძმაა. ამასთან, ერთ-ერთ ოფისში, სადაც პოლიცია შევიდა, გავრცელებული ინფორმაციით, ფუნქციონირებს "შპს ლაიონს შვიდი გრუპი", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი, დავით არახამიას ძმა- მიხეილ არახამია.
საგამოძიებო უწყებამ განმარტა, რომ ოფისებში შევიდნენ ანონიმურად შემოსული შეტყობინების საფუძველზე. სხვა დეტალები ოფიციალურად არ თქმულა, თუმცა გუშინვე გახდა ცნობილი, რომ შეტყობინება ადგილზე ე.წ.ლი ქოლცენტრის არსებობას ეხებოდა.
როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, მმართველი გუნდი მისი და მისი ძმის გაშავებას ცდილობს და ის "ქართულ ოცნებას" ამ ბრალდებისთვის საკადრის პასუხს გასცემს.
"მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგაშავონ მე და ჩემი ძმა, თითქოს ქოლ ცენტრებთან რაღაც კავშირი გვაქვს. ეს არის 100%-იანი ტყუილი და ქოლ ცენტრების უკან, დღეს თუ ვინმე დგას საქართველოში ეს არის "ქართული ოცნება". წარმოუდგენელია ასეთი თაღლითური სქმე არსებობდეს ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ამბობენ ისინი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარს, რითაც პირდაპირ აღიარებით ჩვენებას აკეთებენ. თვითონ დგანან ქოლ ცენტრების უკან, მე ამას ასე არ დავტოვებ. ასე უბრალოდ არ გეგონოთ ახლა, რომ ბრალდება წამომიყენეთ და ასე გავატარო ეს ბრალდება ერთი პრეს-კონფერენციით. აგერ თქვენ და აგერ მე. თქვენ მოგიწევთ ამ ყველაფერზე პასუხის გება", - განაცხადა ვაშაძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აღნიშნულ შენობაში საწყობი აქვთ, სადაც პარტიის ძველი კომპიუტერები ინახება და ქოლცენტრთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"პარტიაში გვაქვს 10 კომპიუტერი, სისულელეა, ეს კომპიუტერები რომ გაიხსნება, რა აღმოჩნდება, იქნება მოქალაქეების ბაზები, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები არიან. არ არის არანაირი ოფისი, ძველთაძველი საწყობია, რომელშიც გვაქვს პარტიის ძველი კომპიუტერები შენახული. ეს ოფისი არ გვეკუთვნის ჩვენ, ეს არის სისულელე და ბოდვაა. მე მეგონა, რომ ამ ქოლცენტრებთან დაკავშირებით, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ლაპარაკობდნენ რამე მტკიცებულებებზე იყო დაფუძნებული. სრული სისულელეა და არანაირი შეხება არ გვაქვს, უბრალოდ ეს სჭირდებათ პროპაგანდისთვის", - განაცხადა მანჯგალაძემ.
ავტორი: ანუკა ბუავა