დღეს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში გაიმართა ღონისძიება, სადაც საქართველო ოფიციალურად წარსდგა, როგორც 2024 წელს, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.
სპეციალურად ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ მაღალი რანგის 300-ზე მეტ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წელს თბილისში მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველომ პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის წარმოაჩინოს საკუთარი საინვესტიციო/ტურისტული შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები.
ღონისძიებაზე მოხდა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
საზეიმო კონცერტზე, რომელსაც უძღვებოდა დავით ალადაშვილი, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" და ანსამბლი "ბასიანი".