"ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ. მათ ამ ინიციატივაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარი უთხრა.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვთ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ.
ეს შესაძლებლობა, არსებული რეგლამენტით, საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე არ ვრცელდება, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი.
ამ ეტაპზე პარლამენტში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი რეგისტრირდება. ეს ჯგუფებია უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალა", რომელიც ცხრა წევრით იქნება წარმოდგენილი და ხუთ წევრიანი პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის".
პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მისცეს.
"მე და ბატონ, რომანს არ მოგვცეს ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეეშინდათ ახალი პოლიტიკური ჯგუფის,"- აცხადებს დეკანოიძე.