პრეზიდენტს "ქართული ოცნება" მწვავედ აკრიტიკებს იმ განცხადების გამო, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში შემავალ ცვლილებების კანონზე ვეტოს დადება დააანონსა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კანონი აუცილებლად შესაბამისობაში იქნება ქვეყნის ინტერესებთან, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევენ.
"დღეს პარლამენტს ყოველ 6 თვეში უწევს ადმინისტრაციაზე ხელახალი გადაწყვეტილებების მიღება რაც უპრეცედენტოა ევროპაში. ქვეყანას სჭირდება სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, მითუმეტეს, წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც შესაბამისობაშია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და დემოკრატიულ ინტერესებთან და რომლის მსგავსიც არის დანერგილი ევროკავშირის მასშტაბით. თუ ამასთან ვინმეს ექნება პრეტენზია, თუ ამაზე იქნება ვეტო დადებული, ბუნებრივია, ჩვენ ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას ვეტოს დაძლევაზე,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის თქმით, თუ პრეზიდენტის ვეტო არ იქნება სათანადოდ დასაბუთებული, მას აუცილებლად დაძლევს უმრავლესობა.
"პრეზიდენტმა იმდენჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება არასწორად, ყველანაირი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე და უბრალოდ მისი განწყობებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ახლაც შესაძლოა, სწორედ ამ განწყობებით ხელმძღვანელობდეს და გარკვეულწილად მხარს უბამდეს სხვა ორგანიზაციების აგორებულ ტალღას. ამიტომ, თავისთავად, ვეტო თუ იქნება უსამართლო და არაობიექტური, შესაბამისად უპასუხებს პარლამენტი,"- აცხადებს წილოსანი.