15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
სავიზო რეჟიმის გაუქმება - მოსკოვში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ვაშინგტონი და ბრიუსელი შეაშფოთა

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განკარგულებიდან მალევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია მედიაში გავრცელდა. "ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის" - კრემლის გადაწყვეტილებას დეპარტამენტის წარმომადგენელი "ამერიკის ხმასთან" წერილობითი კომენტარით გამოეხმაურა.

"თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება," - წერია განცხადებაში.

მოსკოვის გადაწყვეტილება დღეს საქართველოში ამერიკის ელჩმაც შეაფასა. კელი დეგნანის თქმით, გადაწყვეტილება მისასალმებელი არ არის და ქართველებზე ზრუნვის შემთხვევაში, მოსკოვმა საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანოს.

კელი დეგნანის შეფასების შეფასება დღეს ქვეყნის პრემიერს მედიამ სთხოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ეროვნულ ინტერესებსა და გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე გაამახვილა.

რუსეთის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას ბრიუსელიდანაც გამოეხმაურნენ. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში - განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა გააკეთა.

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ოპოზიციისთვის დამატებითი საფუძველი გახდა, რომ ქვეყნისთვის სანქციების დაწესების საფრთხეებზე ისევ ესაუბრათ.

ოკუპანტი ქვეყნის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე რომ ხელისუფლება გავლენას ვერ მოახდენს, ეს კიდევ ერთხელ განმარტეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა და თქვეს, რომ ფრენების აღდგენის საკითხის დაკავშირება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან არასწორია.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გარდა გაუქმებულია ავია მიმოსვლის აკრძალვა და რეკომენდაცია საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებაზე.

დღის ამბები