15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
თუ ფრენები აღდგება, ყველა ვარიანტში უნდა აღდგეს არასანქცირებული კომპანიების მონაწილეობით, დაუშვებელია დასანქირებულ კომპანიებმა საქართველოში იფრინონ - მიხეილ დაუშვილი მოსკოვთან პირდაპირი ფრენის აღდგენაზე

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, პუტინის გადაწყვეტილება უკვე მესამე დღეა პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება - მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვა "სანქცია" ახსენეს.

როგორც უწყების პრეს-სპიკერის მოადგილემ განმარტა, ქართული კომპანიები სანქცირების რისკის ქვეშ დადგებიან, იმ შემთხვევაში, თუ მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებზეც ვრცელდება რეგულაციები.

ოპოზიციამ ეს ერთგვარ გამაფრთხილებელ სიგნალად აღიქვა, ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ მაქსიმალურად სიფრთხილით მოეკიდოს საკითხს და არ დაუშვას საერთაშორისო სანქციების დარღვევა. "ქართულ ოცნებაში" იმეორებენ, რომ ეს არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება. აქვე დარწმუნებულები არიან, რომ დაცული იქნება როგორც საერთაშორისო რეგულაციები, ისე უსაფრთხოების წესები

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ფრენები ისეთმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ, რომლებიც არ არიან დასანქცირებულები.

"თუ ფრენები აღდგება, ყველა ვარიანტში უნდა აღდგეს არასანქცირებული კომპანიების მონაწილეობით. დაუშვებელია დასანქირებულ კომპანიებმა საქართველოში იფრინონ, ანუ უნდა გვესმოდეს, რომ თუ სანქცირებული კომპანიები იფრენენ საქართველოში, ეს ავტომატურად ჩვენზე სანქციების გავრცელებას გამოიწვევს. პუტინის გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყნისთვის ძალიან დიდ საფრთხის შემცველია~. ეს საფრთხე ძალიან კონკრეტული იმ კუთხით შეიძლება გახდეს, რომ მოხდეს კონკრეტული კომპანიების, მაშ შორის, საქართველოში მომსახურე კომპანიების დასანქირება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმა იქნება", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის პაატა მანჯგალაძის განმარტებით, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენა, პუტინის იმპერიალისტურ მიზნებს ემსახურება და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან კავშირი არ აქვს.

"მარტო ფრენას კი არ უნდა შევხედოთ პრიმიტიულად, ამას პუტინი საქართველოსთვის ხომ არ აკეთებს, პუტინი მოქმედებს თავისი რუსული იმპერიული მიზნებიდან გამომდინარე", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის თამაზ დათუნაშვილის განმარტებით, მოსკოვთან ფრენების აღდგენა, დასავლეთის წინააღმდეგ გადადგმული პირდაპირი ნაბიჯია.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო უწყება, ჯოზე ბორელის ოფისი, ყველა ერთი და იმავეს ამბობს, რომ ფრენების აღდგენა მოსკოვთან, როდესაც აბსოლუტურად ყველა ცივილიზებული სახელმწიფო, ყველანაირ სახმელეთო თუ საჰაერო კავშირის რუსეთთან წყვეტს, ფრენების აღდგენა პირდაპირ დასავლეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. სხვა ახალი კომპანიები, რომლებიც ფრენებს განახორციელებენ, მათ შორის ქართული კომპანიები, სანქციების რისკის წინაშე დადგებიან", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

დღის ამბები