15 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
მან თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას. ერთი სული აქვს კონკრეტულ ადამიანებს, როგორმე პარტიიდან გავრიცხო - ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" აზრები ორად იყოფა. პარტიაში მორიგი დაპირისპირება ნიკა მელიას სკანდალურმა განცხადებამ გამოიწვია. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალურ მართვაში დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შემდეგ, ახლა უკვე ზურაბ ადეიშვილს ამხელს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას განცხადება სახელისუფლებო ნარატივს ჰგავს. როგორ ლევან ხაბეიშვილი ამბობს, მას ზურაბ ადეიშვილი ნანახიც არ ჰყავს და სწორედ ნიკა მელია იყო, ვისაც ადეიშვილთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.

"რომ არ გეთქვათ სახელი და გვარი, ვიფიქრებდი, სახელისუფლებო პარტიიდან ხომ არ საუბრობს ვინმე. პარტიას თურმე ჭორაობა და პარტიის ლანძღა-გინება აძლიერებს. ეს არის იმ ადამიანების ლოგიკა, რომელიც ძალიან ბევრ რამეს რომ ვერ დაეწივნენ, იმიტომ არიან დღეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არიან. ადეიშვილის მოადგილე იყო თავად კონკრეტული ადამიანი, თვალით არ მყავს ნანახი. ხაბეიშვილზე თქვა, რომ ადეიშვილი დგას მის უკან და ამას ამბობდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ადეიშვილმა სამ თანამდებობაზე რომ დანიშნა, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ჩემთვის უცნაურია. მან თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას. ერთი სული აქვს კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ როგორმე პარტიიდან გავრიცხო. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.  

ნიკა მელიას თანამოაზრეები კი ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილებაა სამი ადამიანის მიერ მიღება და ესენი არიან ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ადეიშვილი.

"ის მენეჯმენტი, რომელიც დღეს ჰყავს პარტიას არ წყვეტს საერთოდ არაფერს და გადაწყვეტილება მიიღება სამი ადამიანის მიერ - ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი. არაფორმალურად, კულისებიდან იწყებენ მართვას პარტიის. თუ მათ პრეტენზია აქვთ საჯარო პოლიტიკაზე, მაშინ უნდა გამოჩდნენ და თავად გაზომონ, რამხელა მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში და ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ ზუსტად ამ ადამიანების წყალობით 2012 წელს წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ. დაიცალა ღირსებისგან მენეჯმენტი, დაიცალა სიმართლისგან. ისინი გვპირდებოდნენ უწყვეტ აქციებს და პარტიაში მივიღეთ უწყვეტი არჩევნები. მეორე არჩევნების ჩანიშვნა ემთხვევა სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რაც არასწორია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი. 

დღის ამბები