საქართველო არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას რაიმე ფორმით, შესაბამისად, ეს მხედველობაში იქნება მიღებული, რომელი კომპანია, რომელი ავია-ბორტია დასანქცირებული - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არაფერი განსხვავებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არ თქმულა.
"სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ითქვა, რომ სანქცირებული ბორტი, მაგალითად, არ უნდა შემოფრინდეს საქართველოში. ეს გასაგებია, ასეთივეა განწყობა, ვიდრე ეს განცხადება გაკეთდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში, მანამდე გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის რასაც ვამბობთ, სრულდება. შესაბამისად, არ მგონია, აქ რაიმე მოსალოდნელი სცენარის მიღმა სასაუბრო რჩებოდეს ამ თემასთან დაკავშირებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, მისი თქმით, არ ჰგონია, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას პოლიტიკური გავლენა ქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
"არ მგონია, რომ უნდა ქონდეს პოლიტიკური გავლენა და სიმართლე გითხრათ ეს არც იქნება სამართლიანი არც ერთ შემთხვევაში, თუ ვინმე ეცდება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია ან მისი გულშემატკივარი პოლიტიკოსები საზღვარს გარეთ, თუ ეცდებიან, ეს ფაქტორი გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ეს არ იქნება სამართლიანი, ეს არ იქნება კეთილსინდისიერი, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის, რომ ეს იყო გადაწყვეტილება ჯერ 2019 წელს, შემდეგ 2023 წელს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად, თავისით მიიღო რუსეთის ფედერაციამ, ამის გულისთვის პასუხისმგებლობა საქართველოსთვის, რასაკვირველია, არ იქნებოდა არცერთი თვალსაზრისით გამართლებული,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში უცვლელია.
"რაც შეეხება ევროინტეგრაციის მიმართულებას, გასაგებია რომ გვაქვს მოცემულობა, კონკრეტული წინაპირობები განსაზღვრული, კონკრეტული პერსპექტივა, ასოცირების შეთანხმება, ამაზეა წესით დამოკიდებული ყველა შემდგომი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ევროპული მხრიდან. თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა შესაბამის სტანდარტებს და შესაბამისად რამდენად არსებობს საფუძველი უკვე შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რაც გულისხმობს თავისთავად კანდიდატის სტატუსის მიღებას. არ მგონია, რომ თუნდაც ეს პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც შეიძლება ვინმეს შეთხზულ ვარაუდებზე იყოს დაფუძნებული, რომ იმსახურებდეს ევროპელი კოლეგების მხრიდან ყურადღებას. შესაბამისად ალბათ უმჯობესია, კონცენტრირებული ვიყოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, რაც საგანგებოდ აღნიშვნას მოითხოვს, ეს გახლავთ საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში არის უცვლელი, ეს არის კონსტანტა პრაქტიკულად, რომელიც გულისხმობს საქართველოს ქცევას ჭეშმარიტ ევროპულ დემოკრატიად, ევროპულ სახელმწიფოდ. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ყველა ის გაუმჯობესება, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში აქვს, არ დარჩება ევროპელი კოლეგების მხედველობის მიღმა და იმავდროულად, მათი გადაწყვეტილებაც დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელმეორედ დაშვებული არ იქნება იგივე შეცდომა, რომელიც გასული წლის ზაფხულში იქნა დაშვებული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.