15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ქართული ოცნება" რეგლამენტში ცვლილებებს გეგმავს - მცირდება პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო

"ქართული ოცნება" რეგლამენტში ცვლილებებს გეგმავს. მცირდება პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო. ფრაქციის წევრ დეპუტატს სიტყვის გამოსვლისთვის ერთი წუთი, უფრაქციოს კი სამი წუთი ექნება. 2024 წელს, დღის წესრიგში დადგება კენჭისყრის საკითხიც. კანონმდებლები კანონპროექტებს არა ცალ-ცალკე, არამედ კენჭს ერთიანად უყრიან.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა "ქართული ოცნების" ოპონენტების მხრიდან. ოპოზიციაში ამბობენ რომ შეთავაზება, რომელიც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა, შემზღუდავია და მათი მხარდაჭერა ცვლილებას არ ექნება. 

ცვლილებებს აკრიტიკებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია. 

"ოცნება მიდრეკილია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი ნელ-ნელა გააუქმოს. ზოგადად, მგონია, რომ ისედაც მე-10 მოწვევის პარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება და ზოგადად, მთელი ეს პროცესი მიდრეკილია იმისკენ, რომ სხვა მექანიზმებიც, რაც თვითონ ქართულმა ოცნებამ შემოიღო პარლამენტისთვის, ნელ-ნელა მინავლდეს. არ გამოვრიცხავ, რომ რეგლამენტშიც შეჰქონდეთ ისეთი ცვლილებები, რითაც საკუთარ თავს უკრძალავენ რაღაცებს ასევე," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ინიციატივის ავტორები სიახლეს დროის დაზოგვით ხსნიან. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ცვლილებები მომდევნო მოწვევის პარლამენტზეა გათვლილი.

"ეს უფრო განკუთვნილია მომავალი პარლამენტისთვის, როდესაც უკვე ფრაქციები უფრო მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული, პოლიტიკური ჯგუფები არ იქნება, ნაკლები იქნება ფრაქციის გარეთ მყოფი დეპუტატების რაოდენობაც,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პროცედურებს გადახედვა სჭირდება, რის შედეგადაც ისინი იქნება გაცილებით  უფრო შედეგზე ორიენტირებული.

"პარლამენტში მუშაობა ნებისმიერი დეპუტატისგან მოითხოვს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და პასუხისმგებლობას. ყველა უნდა მივეჩვიოთ ისე მუშაობას, რომელიც ნიშნავს მათ შორის სხდომისთვის მომზადებას. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შევეცადოთ, მათ შორის საკითხებთან დაკავშირებით ვიყოთ ჩამოყალიბებული და როდესაც სიტყვას მოვითხოვთ და შემდეგ ვიწყებთ ფიქრს, რაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სწორი მიდგომა," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები