სტრასბურგის უარი მოულოდნელი არ ყოფილა "ქართული ოცნებისთვის" - მმართველი გუნდის შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა სააკაშვილის გარემოცვის სპეკულაციურ კამპანიას და დადასტურდა, რომ ზოგიერთ საერთაშორისო რეზოლუციაში ჩანაწერი, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან და მის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
"ფეიკ კამპანიამ და ლობისტურმა აბსურდულმა განცხადებებმა მოიტანა ის გარემოება, რომ ქვეყანა რეპუტაციულად დააზიანა. ჩვენ ვნახეთ როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროსაბჭოს გარკვეულ რეზოლუციებში პირდაპირ აისახა სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები და ძალიან გვაინტერესებს, ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მის ე.წ. წამებაზე და ვითომ მოწამვლაზე ასე აპელირებდნენ, რა პასუხს გასცემენ ევროპულ სასამართლოს, ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ?!
ან მათ უნდა თქვან, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეაქვთ, ან, სავარაუდოდ, მათ საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადონ იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი თვის განმავლობაში სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას აზიანებდნენ რეპუტაციულად," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
ავტორი: ანა ბუავა