15 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ხაბე არის მსხვერპლი მათი, არავინ არაფერს არ ეკითხება, აქ არის კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილის კლანი - ირაკლი ზარქუა

მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში - პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს აკრიტიკებს. თაკო ჩარკვიანი მელიასა და დეკანოიძეს ფსევდოოპოზიციად მოიხსენიებს და მიხეილ სააკაშვილის ღალატში ადანაშაულებს. ჩარკვიანი მელიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, ის "კანონი და სამართლის" ლიდერს მერაბიშვილისა და კეზერაშვილის რუპორად ასახელებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი "მსხვერპლია" და მას არაფერს ეკითხებიან. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ე.წ. კლანს კეზერაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი მართავს.

"ხაბე არის მსხვერპლი მათი, არავინ არაფერს არ ეკითხება. აქ არის კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილის კლანი, მორჩა. როგორც უნდა ისე ახმოვანებენ, როგორც უნდა იმ პლატფორმაზე დადგებიან, როგორც უნდა იმ მესიჯს გაახმოვანებენ, როგორც უნდა ისეთ აქციას მოაწყობენ. ის სამი რასაც გადაწყვეტს, ისე არის.

მელიაც უცნაური, უთავმოყვარეო, უპრინციპო ადამიანი აღმოჩნდა. ჩამოგაგდეს, ხაბემ გაგაგდო, ჩაგიტარეს არჩევნები, არ აქვს მნიშვნელობა მოგიწყვეს თუ რა, ჩამოგაგდეს, ადექი და გადი. უთავმოყვარეო კაცი ყოფილხარ, შენგან მითუმეტეს არ გამოვიდოდა ლიდერი," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური კი მიიჩნევს, რომ ენმ-ში ერთმანეთს შორის ძალაუფლებას ვერ იყოფენ და კლანებს შორის არის დაპირისპირება.

"ცაიტნოტში არიან ეს ადამიანები იმიტომ, რომ მათ ვერ გაასწორეს ფოკუსი ჩვენი ქვეყნის და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებზე. ადეიშვილი იქნება ეს, მერაბიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს ადამიანები მათ. აქ არის ერთმანეთში კლანებს შორის დაპირისპირება. როგორც ჩანს ეს ადამიანები ვერ იყოფენ ძალაუფლებას, შეპყრობილები არიან ძალაუფლების წყურვილით და როდესაც ადეიშვილზე არის საუბარი და იმ ადამიანებზე არის საუბარი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მალე ეს ადამიანები იმ შეფარულ ხელკეტს თუ ცოცხებს გამოაჩენენ და ამით დაიწყებენ ქუჩაში სიარულს," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები