პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა რუსეთთან უვიზო მიმოსვლისა და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს. ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის მისამართით კრიტიკული განცხადებები ისმოდა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" რუსეთის გადაწყვეტილებებს მიესალმება.
"იმის ნაცვლად, რომ ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებამ გააკეთოს ძალიან მკაცრი, მკაფიო განცხადებები და მხარში დაუდგეს საკუთარ მოსახლეობას, რომელის 90%-მდე მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ მომავალს, მიესალმება ტაშისკვრას რუსეთის პროპაგანდისტებისგან," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ერთმანეთს შეუთავსო რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლის სურვილი და ევროპული გზა.
"თავსებადი არ არის, თან ევროპა გინდოდეს და თან პირდაპირი მიმოსვლა რუსეთთან და დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეფასება გააკეთა პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
"აზიმუტი" არის დასანქცირებული უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. შესაძლებელია, გამოყენებული ჰქონდეს საკუთარი ავიახაზები არა მხოლოდ მგზავრების, არამედ ტექნოლოგიებისა და სამხედრო ტვირთების გადატანის მიმართულებით. ამიტომ, შესაბამისად, სწორედ ამიტომ გვაფრთხილებდნენ ჩვენი პარტნიორები, რომ ძალიან დიდი ალბათობაა, რომ სანქცირებული ავიახაზების მიღების შემთხვევაში, ეს აეროპორტები დასანქცირდნენ," – განაცხადა დეკანოიძემ.