პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს.
მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა სიმართლე.
"რამდენი ტყუილი და უსამართლო ბრალდება უნდა მოვისმინოთ ქართული ოპოზიციისგან და ზოგჯერ მათი პარტნიორი უცხოელი პოლიტიკოსებისგან. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს არა მხოლოდ რუსეთის დასანქცირებას, არამედ საკუთარი მოსახლეობის დასანქცირებას სთხოვენ ფრენების აკრძალვით. ხელისუფლებას უტიფრად აბრალებენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებოდნენ ტყუილებს, თუ როგორ აწამებენ და კლავენ (საპატიმრო არ ჰქვია) ოროთახიან ლუქს პალატაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილს. სტრასბურგის სასამართლომ მერამდენედ დაამტკიცა ჩვენი სიმართლე. კარგია, რომ სტრასბურგი დამოუკიდებლობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.