15 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
პარლამენტმა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა და 82 ხმით, ერთხმად მიიღო.

კანონის პროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებს ემატება ახალი საფუძველი. კერძოდ, შესაძლებელი იქნება პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით.

ცვლილება ასევე შედის "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში წვდომას შემდეგ ინფორმაციაზე: მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ; მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ ამ ვადის ამოწურვიდან პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.

"სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, ხდება მოქმედი კანონიდან იმ ნორმის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას - სამხედრო ვალდებულის და წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს.

დღის ამბები