15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
კოლაბორაციონისტების ძებნა ოპოზიციაში, გარიგება "ოცნებასთან" თუ დამოუკიდებელი ნაბიჯი - რა ნომრით მოხვდნენ პარლამენტში ოპოზიციის ნების წინააღმდეგ წასული ოპოზიციონერები

ხუთი კოლაბორაციონისტი, ხუთივე ხუთი ნომრით შესული - საპარლამენტო ოპოზიცია მთელი დღეა საკუთარ რიგებში "ოცნებასთან" გარიგებულებს ეძებს. პირველი, ვინც ფარული კენჭისყრის გვარები გაარკვია "კურიერი" იყო. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში "ქართულ ოცნებას" და-ძმა ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე, დილარ ხაბულიანი და ბაჩუკი ქარდავა დაეხმარნენ.

აღიარებითი ჩვენება უკვე ყველამ მისცა. გაგდებას არ ელოდებიან. ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ტოვებს ხუთიდან ოთხი.

ციხე ისევ შიგნიდან გატყდა - მათ, ვინც ოპოზიციიდან დღეს მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი, კოლეგა ოპოზიციონერები გაყიდულებსა და მოღალატეებს უწოდებენ. იყო ხმამაღალი გარჩევები კაბინეტებშიც. ეჭვმიტანილების ნაწილი ოპოზიციის ნების წინააღმდეგ წასვლას ევრორეკომენდაციის 12 პუნქტის შესრულებით ხსნის, თუმცა ეს სხვებისთვის არგუმენტი არ არის. ბრძანება "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს "ვივამედისპალატიდანაც მივიდა. დამფუძნებელმა ხუთივე მოღალატის დასჯა მოითხოვა.

"ნაციონალური მოძრაობის" ძალა - ერთობაში აღარ არის. მმართველ პარტიას დღეს ხმა აკლდებოდა და ეს ხმა "ნაციონალური მოძრაობიდან" მიიღო.

გაყიდული კოლეგების ძებნა ოპოზიციაში მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაირკვა, რომ მათმა რამდენიმე თანაგუნდელმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას მხარი დაუჭირა.

ხუთივე მათგანი პარლამენტში ხუთ ნორმითაა შესული. ხუთივე ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეუთანხმებლად მიიღეს. რატომ აუნთეს მწვანე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას - მოტივი სხგვადასხვაგვარად ახსნეს.

მედიისთვის ახსნა-განმარტების მიცემამდე დეპუტატებს თავის მართლება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან მოუხდათ. პარტიაში მათი არგუმენტები არ გაიზიარეს და თქვეს, რომ თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებენ.

5 დეპუტატის ვინაობის გარკვევამდე, "ნაციონალური მოძრაობა" მოღალატეებს სხვა ოპოზიციურ პარტიებში ეძებდა, თუმცა პირველი მინიშნება კოლეგებს იაგო ხვიჩიამ მისცა. ოპოზიციურმა ნაწილმა კოლეგების გადაწყეტილება იმდენად წარმოუდგენლად მიიჩნია, რომ კენჭისყრის შედეგები ტექნიკურ გაუმართაობასაც კი დაუკავშირა.

დემარში და გალაშქრება რეკომენდაციების წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა, რომელმაც პარტიებს შიგნით არსებული დაპირისპირება კიდევ ერთხელ გამოააშკარავა.

კენჭისყრამდე დღეს ოპოზიციამ მმართველ გუნდს კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები შესთავაზა. წინადადება "ქართულმა ოცნებამ" უკვე აღარ მიიღო, რადგან უმრავლესობის შეთავაზებაზე ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე უარი თქვეს.

კენჭისყრის შედეგად იუსტიციის საბჭოს რამდენიმე კანდიდატის არჩევა ოპოზიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ტაბლოზე ხმების დაფიქსირების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზის დატოვება დაიწყეს.

დარბაზიდან ოპოზიციის გასვლის გამო კენჭისყრა დროებით შეჩერდა. მოგვიანებით პროცედურა ისევ განახლდა, თუმცა დარჩენილი 2 ვაკანტური პოზიციის შესავსებად საჭირო 90 ხმა ვეღარ მოგროვდა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე 5 წევრიდან 3 არჩეულია.

დღის ამბები