"ოცნება" ვაშინგტონს ამერიკის გაცემული ვიზების სიმცირის გამო აკრიტიკებს - პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37% დაკმაყოფილდა. ირაკლი კობახიძესთვის გაურკვეველია რა პრინციპით არ აძლევს ვაშინგტონი ვიზებს საქართველოს მოქალაქეებს მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნიდან განაცხადების 80%-ზე მეტია დაკმაყოფილებული. "ოცნების" თავმჯდომარეს კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს და ამბობს, რომ შტატები ვიზებს იმ ახალგაზრდებსაც კი უზღუდავს, რომლებსაც ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლო სტიპენდიები მოიპოვეს.
"ოცნება" ამერიკის ელჩს ამ პრობლემის მოგვარებას ურჩევს. მმართველ ძალას შტატებთან კიდევ ერთი საქმიანი წინადადება აქვს - პირდაპირი რეისის დანიშვნა ამერიკის მიმართულებით. კელი დეგნანი დღეს "ოცნების" არც კრიტიკას გამოხმაურებია და არც შეთავაზებას. სამაგიეროდ ირაკლი კობახიძეს უპასუხეს ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები "ოცნების" თავმჯდომარეს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებენ.
ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ირაკლი კობახიძის მოწოდებას იზიარებს "გირჩია. პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ სტრატეგიულ მოკავშირესთან კავშირების გამყარებას, შეერთებული შტატების წარმომადგენლობასთან ერთად ხელი ქვეყნის ხელისუფლების სწორმა რიტორიკამაც უნდა შეუწყოს.
ოპონენტების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. პოლიტიკოსები შეერთებული შტატების ელჩს, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებზე კომენტარების გაკეთების ნაცვლად, სავიზო საკითხების გამარტივებისკენ მოუწოდებენ. კანონმდებლების თქმით, ამერიკის მხრიდან პირდაპირი ფრენების დანიშვნა და ვიზების გამარტივება, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს გააღრმავებს.
შესაძლებელია თუ არა თბილისიდან შტატების მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნა და სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება - ამ კითხვებზე საპასუხო კომენტარი ამერიკის ელჩს დღეს არ გაუკეთებია. სახელისუფლებო ძალა სტრატეგიული მოკავშირეობის გასამტკიცებლად, მეგობარი ქვეყნის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.