15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ლევან იოსელიანის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის დასასრულებლად საკმარისი მზაობა უნდა ჰქონდეს პირველ რიგში ხელისუფლებას, შემდეგ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს

სახალხო დამცველმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა პოლარიზაციაზე, რომელიც მისი თქმით, აუცილებლად უნდა გადაჭრას ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, პოლარიზაციის დასასრულებლად საკმარისი მზაობა უნდა ჰქონდეს პირველ რიგში ხელისუფლებას, შემდეგ კი ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.

"პოლარიზაცია არის ის თემა, რითაც იწყება შეხვედრებზე საუბარი, რადგან ყველა ხაზს უსვამს რომ საქართველო, სამწუხაროდ, იმ მცირე ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც პოლიტიკური პოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალია და ეს ხელს უშლის რეალური დისკუსიის არსებობას პოლიტიკურ პარტიებს შორის. დღეს, უკვე სამოქალაქო სექტორთანაა ეს პრობლემა და რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი მიზეზები. ამ მიზეზებზე ბევრი გვისაუბრია. ყველა ძალიან იმედგაცრუებულია ამ ბოლო კანონმდებლობის პარლამენტში შეტანით და შემდგომ რა მოვლენებიც მოჰყვა - 7-9 მარტის ამბები. ამ კანონის ინიცირებამ, დისკუსიამ კანონის ირგვლივ, ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებაზე მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მე ვფიქრობ, ეს საკითხები დაძლევადია პროგრესის ჩვენებით თუ ექნება ხელისუფლებას ამის მზაობა, ექნება ოპოზიციას ამის მზაობა, ექნება სამოქალაქო სექტორს ამის მზაობა, რომ აჩვენოს თანამშრომლობა.

როცა პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ყოველთვის ლომის წილი პასუხისმგებლობა არის იმ ძალაზე, რომელიც მართავს ქვეყანას, თუმცა პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს თავისთავად, ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს, რომელიც არის ამ პროცესში და უნდა იყოს ჩართული. თუ, საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსზე გვექნება უარი, (მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ იქნება )მაგრამ აქ ყველას წილი პასუხისმგებლობა იქნება იმ პროპორციით, რა პროპორციაზეც ვისაუბრე, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მისი წილი პასუხისმგებლობა ამაში არ არის. ამაში არის ჩემი წილი პასუხისმგებლობაც, როგორც სახალხო დამცველის და ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ ამ შესაძლებლობას, ამ პროცესს შევუწყო ხელი და გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ პოლარიზაციის დონე ამ მიზნის მიღწევამდე მაინც რაღაცნაირად შემცირდეს,  თუმცა, არ მაქვს ილუზია რომ არჩევნების წინ ეს პოლარიზაცია არ გაღრმავდება და კიდევ სხვა ფორმებს არ მიიღებს. ასევე, არსებობს გამოსავალი - არის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შეიძლება იყოს განხილული, რომელიც მისცემს საზოგადოებას იმის საშუალებას, რომ გათვითცნობიერებული არჩევანი გააკეთოს პოლიტიკურ პარტიებს შორის. პოლარიზაცია არ იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებამ სწორად დაინახოს კონკრეტული პოლიტიკოსის, პოლიტიკური პარტიის პლატფორმა, მათი ხედვები, მათი სამომავლო ინტერესი და ამიტომაც არის გამოკითხვებში, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს არჩევანის გაკეთება უჭირთ,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები