თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, ულტიმატუმის ენით საუბარს და თავი დაანებეთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, რადგან ყველამ იცის, რომ ეს საკითხი და ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის დადებითად გადაწყვეტა, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, უმრავლესობას ჰქონდა მზაობა, რომ კანდიდატებზე ემსჯელა, თუმცა ოპოზიციამ უარი თქვა.
„ორი ფაქტია ხელისგულზე: ერთი ის, რომ გუშინ ვნახეთ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებას, როგორ აბულინგებდით თქვენს კოლეგებს და მეორე, თქვენივე ტელევიზიები ჰყვებოდნენ რისი ხმა გამოდიოდა თქვენი ფრაქციის ოთახიდან. თქვენი ტელევიზიები ჰყვებოდნენ გინებაზე, ჩხუბზე, აყალმაყალზე და ამბობთ, რომ არა, არ ვაბულინგებთ ერთმანეთსო, ეს არის ფაქტი.
როცა ჩვენ კონსულტაციები გადავწყვიტეთ, მაშინ სახალხო დამცველთან დაკავშირებით, ათობით შეხვედრის შემდეგ 2 გვარი დაგვიდეთ, რომ ან ამას აირჩევთ, ან მხარს არ დაგიჭერთო. ტყუილია? ხომ, იყო ასე? არაფერი ტყუილი არ არის, ტყუილი მოიკითხეთ თქვენკენ. თქვენი მოლაპარაკებები ასეთია, თქვენ წარმომადგენლებს ან ჩავსვამთ სადღაც რომელიღაც საბჭოში, ან დავსვამთ სახალხო დამცველად, ან თქვენ არ მოდიხართ არაფერზე. ულტიმატუმის ენით საუბრობთ და ამიტომ იყო თვეების განმავლობაში ერთი გვარიც რომ არ დაგვისახელეთ და ვინაიდან არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაგიკეთებიათ საჯაროდ, გითხარით - „ბოლო დღეა და თუ შეიძლება წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურები“.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა მზაობა, რომ გვემსჯელა კანდიდატებზე, თქვენ ამაზე უარი თქვით. არც ერთმა თქვენგანმა, ერთი პოლიტიკური სუბიექტის გარდა, გვარებიც კი არ დაასახელეთ და ახლა გვამუნათებთ და ჭკუას გვასწავლით. თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, ულტიმატუმის ენით საუბარს და თავი დაანებეთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, რადგან ყველამ იცის, რომ ეს საკითხი და ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის დადებითად გადაწყვეტა“, - განაცხადა მდინარაძემ.