15 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
არაერთხელ გთხოვეთ, კონსულტაციები გაგვემართა კანდიდატებზე, გვითხარით, არავითარ განხილვაში არ შევდივართ თქვენთან, მოგვეცით კანდიდატებიო - დეკანოიძე უმრავლესობას

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მმართველ გუნდს კონსულტაციები სურდა, ოპოზიციას კი - არა.

"არაერთხელ გთხოვეთ, კონსულტაციები გაგვემართა იმ კანდიდატების გარშემო, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად უნდა არჩეულიყვნენ - გვითხარით, არავითარ განხილვაში არ შევდივართ თქვენთან, მოგვეცით კანდიდატებიო - რასაც საუბრობთ, სიმართლეს არ შეესაბამება," - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, ოპოზიციამ საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციები კენჭისყრამდეც შესთავაზა.

"როდესაც კანდიდატების დასახელებაზე ვსაუბრობდით, ღიად და საჯაროდ არაერთხელ გთხოვეთ, კონსულტაციები გაგვემართა იმ კანდიდატების გარშემო, რომლებიც უნდა არჩეულიყვნენ საბჭოს წევრებად. ეს იყო არა უბრალოდ გაჟღერებული ინფორმაცია, არამედ, მაგალითად, ზუსტად კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც გავიგეთ, რომ მობილიზაცია გქონდათ გამოცხადებული, ბრიფინგიც კი ჩავატარეთ, რომ ოპოზიცია მზადაა, პოლიტიკურ კონსულტაციებზე წარადგინოს ის 5 კანდიდატი, რომელსაც შესაძლებელია მივიჩნევდით როგორც დამოუკიდებლობის ხარისხის განმსაზღვრელად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მხარი დაუჭირეთ იმ სამ ადამიანს, რომლებზეც დაწვრილებით ვიცი, რას ჰყვებოდნენ სასამართლო სისტემაზე. მაგალითად, ბატონი გზობავა ამბობდა, რომ სასამართლოში არავითარი პრობლემა არ არსებობს. ამის შემდეგ თქვით, ჩვენ არ გვსურს პოლიტიკური კონსულტაციებიო, მაშინ, როდესაც ევრო რეკომენდაციებში პირდაპირაა გათვალისწინებული, რომ ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი. დიახ, გვიხარით, არავითარ განხილვაში არ შევდივართ თქვენთან, მოგვეცით კანდიდატებიო. უნდა მოგვეცა კანდიდატები, რომ ჩაგეტარებინათ ის, რაც გუშინ ჩაატარეთ. რასაც საუბრობთ, სიმართლეს არ შეესაბამება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები