15 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან - შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა, მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება იყო

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან დასრულდა. უწყების ცნობით, შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა და მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო.

შეხვედრას ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

"ჩვენ შევხვდით იუსტიციის მინისტრს იმისათვის რომ მას მოეწოდებინა ჩვენთვის ინფორმაცია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ბატონ მიხეილ სააკაშვილზე. ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე. ჩვენი საუბარი საკმაოდ ნაყოფიერი და მეგობრული იყო როგორც ყოველთვის. სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რაღაცის ახსნა მოხდა. ჩვენ ექიმები არ ვართ. ჩვენ უბრალოდ მივიღეთ ინფორმაცია როგორც სხვებმა. ჩვენი მთავარი შეშფოთებაა, რომ საქართველო უნდა მიყვეს წესებს, როგორც დანარჩენი ევროპული ქვეყანა, ვგულისხმობ ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემას. მე არ ვარ ადვოკატი, მაგრამ ის სურათი, რომელიც ადგილზე ვნახე, მკაფიო იყო," - აცხადებს მარია თეოდორუ.

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო ამბობს, რომ შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

"ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. დისკუსია იყო ძალიან ღია და გულწრფელი. საუბარი შეეხო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ არ ვართ არც ექიმები და არც ადვოკატები. ვიცით, რომ ეს საქმე პოლიტიკური ხასიათისაა. ჩვენ პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თქვენზე და საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რომ პოლიტიკური საკითხები მათ გადაწყვიტონ. ჩვენ გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მიუხედავად იმისა, ის პოლიტიკოსია თუ ნებისმიერი სხვა, სამართლიანად უნდა ეპყრობოდნენ მას. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს. უნდა იყოს სამართლიანი ყველასთვის. ჩვენ დავრწმუნდით, რომ პატიმრებს სათანადოდ ეპყრობიან, მათ შორის სააკაშვილსაც. თუ კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, შევა თუ არა სამედიცინო ჯგუფი, ან ისინი მოითხოვენ თუ არა რაიმე სამედიცინო სახის მკურნალობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვარწმუნეს და დაგვპირდნენ,"- აცხადებს ანა მარია შიკო.

დღის ამბები