15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ყვარლის ტბაზე" ქორწილი გაუქმდა, თუმცა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან

"ყვარლის ტბაზე" ქორწილი გაუქმდა, თუმცა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან.

"პირდაპირ ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი და სანქცირებული ადამიანები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. არ არის დრო იმისთვის, რომ ყველანი სახლში ვიყოთ და სახლიდან ვაპროტესტოთ ეს მდგომარეობა. დღეს, არის აქტიურ მოქმედებებზე გადასვლის დრო, ვინაიდან ხედავთ, რომ თვალსა და ხელს შუა გვართმევენ ქვეყანას, ცვლიან ქვეყნის საგარეო კურსს და უნდათ, რომ ქვეყანა გადააქციონ რუსეთის "დაჩად"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რადგან საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც შეკრებილები შეძახილებით დახვდნენ.

"დაკავებული არიან სამოქალაქო აქტივისტები, პარტია "დროას" წარმომადგენელი შუშანა მაცაბერიძე და ასევე სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ აქ იდგნენ, აქციაზე. განლაგებულები ვიყავით გზის მეორე მხარეს და ამ დროს დაიწყო დაპირისპირებები, სრულიად უმიზეზოდ, ალბათ, გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ კვერცხები დავუშინეთ რუს ტურისტებს,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის გამოც 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულთა შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი ჩიქოვანიც. ყველა მათგანი თელავის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ცოტა ხნის წინ, სწორედ იზოლატორთან დააკავეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

დღის ამბები