"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის პოზიცია, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი ორი წევრის არჩევაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, ანტისახელმწიფოებრივია. მათივე თქმით, ოპონენტები პროცესის ჩაგდებას ცდილობენ და მათი მიზანია, ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.
"ქართული ოცნება" მოუწოდებს კოლეგებს, ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში და წევრების არჩევა პოლიტიკური კონსენსუსით მოხდეს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროცესი მაღალი პასუხისმგებლობით იყოს გარანტირებული და არჩევანი გავაკეთოთ კრიტერიუმების სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე ობიექტური საზომი იქნება. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ან უნდა ავირჩიოთ ისინი, ვინც მათ აწყობთ, ან ვისზეც გავლენა აქვთ მათ, ან არავინ არ უნდა ავირჩიოთ. ასეთი მიდგომა ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო მიდგომაა. თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ პროცესში და კონსულტაციებში, ესეც ლუსტრაცია იქნება, რომ მათ, სინამდვილეში, არ სურთ 12 პუნქტის შესრულება,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ისინი კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა ამას პოლიტიკური ვაჭრობის ფორმა არ უნდა ჰქონდეს.
"კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ, თუმცა არ შეიძლება, რომ დავამახინჯოთ არსი თვითონ კონსულტაციების და გავხადოთ ეს რაღაც ვაჭრობის საგანი. მათი რეალური ჩანაფიქრი არცერთ შემთხვევაში არ არის, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესს, მათი ამოცანაა, რომ ჩაშალონ. არცერთი კანდიდატი არ ჰყოლიათ, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლებოდა კონსენსუსი,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, ის, რომ წარმოდგენილი 30 კანდიდატიდან ოპოზიციამ კონსულტაციებისთვის არცერთი არ წარადგინა, აჩვენებს, რომ მათი მიზანი 12 რეკომენდაციის შესრულება არ არის.
"იმ ვითარებამ, რომ მათ არავის არ დაუჭირეს მხარი 30 კანდიდატიდან, არცერთი კანდიდატი შესათანხმებლად არ წარმოადგინეს, არის სწორედაც მათი პოზიციის ლუსტრაცია, არანაირი არჩევნები, არანაირი რეკომენდაციის შესრულება - მათი მიზანია, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი,"- აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. კენჭისყრა სავარაუდოდ თვის ბოლომდე გაიმართება. უმრავლესობა ოპოზიციას კიდევ ერთხელ სთავაზობს კონსულტაციებში მონაწილეობას, ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე მათი არჩევა ვერ მოხდება, რადგან 90-ზე მეტი ხმა არის საჭირო. ოპოზიცია დიალოგის გამართვის შეთავაზებას პროპაგანდისტულს უწოდებს და პროცესში ჩართვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.