რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ომის გავლენა რეგიონზე და მოლოდინები ომის შედეგთან დაკავშირებით - ამ თემების განხილვით დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილთან პანელურ ფორმატში საუბარი. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 15 წლის წინ გამოიარა ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინაა. მშვიდობის დასამყარებლად ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
პანელურ დისკუსიაზე პრემიერმა 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრა გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიოს არცერთმა ქვეყანამ მაშინ რუსეთს სანქციები არ დაუწესა. ახლა კი, უკრაინასთან ომის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, საქართველოსთან მიმართებაში არასამართლიანია. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მსგავსი ფაქტი დამანგრეველი იქნება ქართული ეკონომიკისთვის. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ასპექტში საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს.
ხომ არ დააზიანებს ეს პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, დისკუსიის მოდერატორი ამ საკითხით დაინტერესდა. საპასუხოდ პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს და ახლა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
დისკუსიას არ ჩაუვლია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის გარეშე. პრემიერს კითხვები დაუსვეს რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ბევრ ქვეყანას აქვს. მთავრობის მეთაურმა, იქვე მკაფიოდ განმარტა, რომ საქართველოში ფრენას ვერ განახორციელებს ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია.
რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების ფონზე, როგორია საქართველოს სტრატეგია ჩინეთთან მიმართებაში? - პრემიერ-მინისტრმა განმარტებები ამ საკითხზეც გააკეთა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ჩინეთის როლი რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დასრულების კონტექსტში და თქვა, რომ საქართველო მომავალში ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს.
საუბრის ბოლოს, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის მიმართულებით და ის რეფორმები გაიხსენა, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გატარდა. პრემიერის შეფასებით, ქვეყანამ ევროპული საგარეო კურსი, კონსტიტუციური ჩანაწერით გაამყარა.
კატარის დედაქალაქ დოჰაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.