მიტროპოლიტ ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტსა და მის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის ანგელოზის დღის მილოცვასთან დაკავშირებით, კითხვა დაუსვეს მამუკა მდინარაძეს. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ვიზიტს "უცნაურს" უწოდებს.
"მე რამე განსაკუთრებულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უცნაურია – მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. უცნაურია, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა საპატრიარქოს თანხმობის გარეშე თუ მისი ეგიდით რომ არ არის, წასული რუსეთი პატრიარქთან, თუმცა ეს ჩემი შესაფასებელი შეიძლება, არც იყოს. ასეთი უცნაურობები, როგორც მინიმუმ, ხშირად გვაქვს ხოლმე საინფორმაციო ველზე და შემდეგ, დრო რომ გადის, რაღაც ახსნები აქვს ხოლმე, თუმცა ნაჩქარევი კომენტარისგან თავს შევიკავებ. ხაზს გავუსვამ, რომ მინიმუმ უცნაურია, ის ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში და რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელთან ანგელოზის დღის მისალოცად, რაც თქვენგან გავიგე. თუმცა, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამას ალბათ გარკვეული ახსნა ექნება. უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ წარმოდგენა თუ არ აქვს საპატრიარქოს ამასთან დაკავშირებით, ეს არ არის მარტივი ამბავი," – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი 24 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა. მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ამ დღეს აღნიშნავენ წმინდა კირილესა და მეთოდეს, სლავური დამწერლობის, ასევე, პატრიარქი კირილეს სახელობის დღეს. რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სასულიერო პირები წარმოდგენილები იყვნენ ოთხი ეკლესიიდან - ანტიოქიის საპატრიარქოდან, საქართველოს საპატრიარქოდან, სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საპატრიარქოებიდან.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში კერძო ვიზიტია და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს. მისი თქმით, ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გავრცელებული ფოტოებიდან შეიტყვეს.