საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გაუგებარია.
მისი სიტყვებით, ერთის მხრივ, კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ევროპა არის ქვეყნის არჩევანი, თუმცა, ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ.
"ასევე, გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები, "ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია"?
ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით.
ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები, რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ გავიხსენოთ "იმედზე" გასული ომის მოდელირებული ქრონიკა. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს "ფრენების საჩუქარი". ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!,"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.